თინათინ ხიდაშელი: ვიცით, რომ რუსეთისგან მოსალოდნელია ახალი სიურპრიზი სირიაში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში
„ორ სამყაროს შორის ეგზისტენციალური ომი მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კანადაში, ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე, სირიაში კრიზის მოგვარების გზაზე რუსეთ-დასავლეთის თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში გამართულ დისკუსიებს, სადაც განხილვის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, სირიაა, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე – რატომ მოხდა ომი საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა წერტილებში… ამ დღეებში ვისმენთ, რომ საჭიროა რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, რუსეთის, როგორც პარტნიორის აღქმა, მისთან მოლაპარაკების წარმოება და მაგიდასთან დაბრუნება… ერთი მხრივ, ვაღიარებთ პრობლემებს, რომლებსაც რუსეთი ქმნის – ვამბობთ, რომ ის არ არის სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორი, არის ოკუპაციური ძალა, აგრესიული ქვეყანა, დაპყრობილი აქვს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები და ამ დროს, მასთან ერთად დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ვეძებთ პრობლემის გადაწყვეტის გზებს. ამასთან, ვიცით, რომ მისგან მოსალოდნელია ახალი სიურპრიზი სირიასა ან მსოფლიოს სხვა ნაწილში…“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ორ სამყაროს შორის ეგზისტენციალური ომი მიმდინარეობს, სადაც სამყაროს ერთი ნაწილი ეფუძნება კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებსა და თამაშის წესებს, რომლებიც ერთად დავადგინეთ და მხარი დავუჭირეთ. მეორე მხრივ, არის ქვეყანა, რომელიც დღის წესრიგს თავად ადგენს, ცვლის საერთაშორისო თამაშის წესს და ჩვენ, გვერდით ოთახში, მაინც მასთან ერთად ვსხედვართ და დახმარებას ვთხოვთ.
„რა იქნება ის სარგებელი, რომელსაც მასთან ერთად მოვიმკით? რას ველით ხვალინდელი დღისგან? რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთთან, გავაფორმოთ ხელშეკრულებები, მაგრამ ამ პროცესს, ძალიან პოზიტიური და ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა ახლდეს, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე ათწლეულებია, თავიანთი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ერთგული პარტნიორები არიან…“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.