კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონის მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, წყალმომარაგების აღდგენამდე, ისნის რაიონის მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის. როგორც „კვირას“ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანია ბოდიშს უხდის ისნის რაიონის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, წყალსადენის ქსელზე რთული ავარიული დაზიანების გამო, ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება.
“ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და სპეცტექნიკა მობილიზებულია მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ. ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტესიურად წარიმართება. კომპანია მაქსიმალურად შეეცდება, წყლის მიწოდება მოსახლეობას შესაძლებლად მოკლე დროში აღუდგინოს. ავარიული დაზიანება ისნის რაიონში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელთან გამავალ 600 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე მოხდა. ტექნიკური სამუშაოების გახანგრძლივება, ერთი მხრივ, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაზიანება ფარული აღმოჩნდა და სადიაგნოსტიკო სამუშაოების ჩატარებას გარკვეული დრო დასჭირდა და მეორე მხრივ, იმ გარემოებამაც, რომ კომპანიას დაზიანების სალიკვიდაციოდ, დღის საათებში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცა და სამუშაოების ჩატარება ღამის საათებში მოუწია. წყალმომარაგების აღდგენამდე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის”, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტოცისტერნების მოძრაობის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზისა“ და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე აბონენტები ინფორმაციას მიიღებენ SMS-შეტყობინების საშუალებით, დეტალური ინფორმაციის მოძიება კი შესაძლებელია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდსა და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის „ცხელ ხაზს“ ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები