დავით ბორჩაშვილი სამართალდამცავების მისამართით პრეტენზიას არ გამოთქვამს

ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი აცხადებს, რომ მასზე დაკავების შემდეგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და სამართალდამცავების მისამართით პრეტენზიას არ გამოთქვამს.
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა პაატა ბელთაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბორჩაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება აღნიშნული მუხლით.
“ბორჩაშვილმა განაცხადა, რომ მასზე არანაირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არც დაკავების დროს და არც შემდეგ არ მომხდარა, ამიტომაც ამ მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოების მისამართით პრეტენზიებს არ გამოხატავს”, – აცხადებს ბელთაძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.
დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები