ბელგიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბელგიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და ბელგიის ხელისუფლების მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს.
“როგორც მოგეხსნებათ, ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრიუსელში შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მე-4 დონე, ბელგიის დანარჩენ ტერიტორიაზე კი მე-3 დონის საფრთხე. ბელგიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ ბელგიის ხელისუფლების შემდეგი რეკომნდაციები: გთხოვთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს; შეზღუდოთ, მაქსიმალურად ქალაქში გადაადგილება, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს; იყავით ინფორმირებულნი სანდო მედია საშუალებების ინფორმაციით; თავი შეიკავოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისგან; თქვენს საცხოვრებელ კომუნაში დაწესებული კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, თქვენს კომუნაში ან კომუნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბელგიის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის ან გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კრიზისების ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე.
ბელგიის კრიზისების ცენტრში გახსნილია ცხელი ხაზი 1771, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია მე-4 დონის საფრთხით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ კრიზისების ცენტრის ვებ-გვერდს:http://centredecrise.be/…/suites-des-attentats-paris-recomm… საჭიროების შემთხვევაში, მოგვმართეთ ბელგიის სამეფოში საქართველოს საკონსულო სამსახურ, ს შემდეგ ნომრებზე: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62″, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ საფრანგეთის მსგავსად უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს შვედეთსა და ბელგიაში. ბრიუსელის ქუჩებში 24-საათიან რეჟიმში სამართალდამცველები აკონტროლებენ. მობილიზებულია ჯარი. ხელისუფლება ბრიუსელში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშეყრის ადგილებს მოერიდონ და უსაფრთხოების დაწესებული მოთხოვნები შეასრულონ. ბელგიელმა სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს. ის 39 წლის მაროკოელი ლაზეზ აბრამია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ბრიუსელში, ავტომობილის მართვის დროს აიყვანეს. პოლიციამ მის მანქანაში სისხლის კვალი აღმოაჩინა. ჩხრეკის შედეგად, დაკავებულის ავტომობილიდან და მოგვიანებით მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ის სასამართლოს წინაშე ტერორიზმის ბრალდებით ოთხშაბათს წარდგება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დრომდე ბელგიაში უნდა იმყოფებოდეს აბდესლამ სალაჰიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები