ბერნარდ კუშნერი: ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრე
თქვენც არ იყავით მზად და პრეზიდენტი ობამაც არ იყო მომზადებული, რომ რუსეთთან ომი დაეწყო, – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა განაცხადა.
კითხვაზე, მოვიდა თუ არა დრო, ევროპამ და აშშ-მ ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად ერთიანი პოლიტიკა შეიმუშავოს, კუშნერმა აღნიშნა, რომ ევროპა ვალდებულია, პუტინის პოზიციის წინააღმდეგ დადგეს.
“ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ სანქციები გამოგვეცხადებინა რუსეთისთვის. სანქციების შემდეგი ნაბიჯი არის ომი და ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით. თქვენც არ იყავით მზად და პრეზიდენტი ობამაც არ იყო მომზადებული, რომ რუსეთთან ომი დაეწყო. ამასთან, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ და დავდგეთ პუტინის პოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრე, ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია. ეს არის რეალობა”, – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.
საფრანგეთის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, ითანამშრომლებს თუ არა რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა რუსეთთან სირიაში. ვნახოთ, რა მოხდება. ფილოსოფიურად და პოლიტიკურად ჩვენ – ყველანი ერთად ვართ. იმედი მაქვს, რომ თქვენზე არ განახორციელებს ტერორისტულ შეტევას, იმიტომ რომ არ არსებობს ამის კონკრეტული საფუძველი. თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, არის თუ არა ტერორიზმი ის მიზეზი, რის გამოც საქართველომ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ? ეს შეიძლება იყოს გარკვეული მახე, მაგრამ არა პუტინის დამოკიდებულების გამო. ჩვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ შეცვალოს თავისი მოსაზრება სირიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენი საერთო შეთანხმება უნდა იყოს, რომ ერთად, კოალიციის სახით ვებრძოლოთ ტერორისტულ საფრთხეებს”, – აღნიშნა კუშნერმა.