“ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტს აცნობს

კოალიცია “ქართული ოცნება” სასტუმრო “რედისონში” ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტს აცნობს. შეხვედრას ესწრებიან: ზვიად ძიძიგური, გიორგი ვოლსკი, ვახტანგ ხმალაძე, ზურაბ ტყემალაძე, ირაკლი კობახიძე.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, ორსაფეხურიანია.
“ეს გულისხმობს, რომ 2016 წლისთვის მოხდება რეფორმირება საარჩევნო ოლქების, რომელიც დღეს არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ მანდატების გამოთანაბრება, ხოლო 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს. ეს ორსაფეხურიანი რეფორმა პასუხობს ყველა ოპოზიციური ძალის თუ დაინტერესებული პირის ინტერესებს, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები”, – აღნიშნა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის მთავარი ხარვეზი მანდატების არათანაბრობა იყო, რაც გამოსწორებულია.
“საერთაშორისო ექსპერტები ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ მანდატების არათანაბრობა იყო  საარჩევნო სისტემის მთავარი ხარვეზი. ორივე შემთხვევაში გამოსწორებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ოპტიმალური გეგმა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს”, – განაცხადა ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ გეგმა, რომელიც წარმოდგენილია კოალიციის მიერ, კონსენსუსის შედეგია და ოპოზიცია ამას კარგად აცნობიერებს. “კოალიციაში მაჟორიტარულ სისტემას ჰყავს თავისი მხარდამჭერები. ჩვენ არ ვართ ის უმრავლესობა, რომელიც ძალდატანებით გადაწყვეტილებებს აღებინებს უმრავლესობას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, არის კოალიციაში კონსენსუსის შედეგი. კონსენსუსის გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არც ხმების საჭირო რაოდენობა გვექნება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ოპოზიცია ამას კარგად აცნობიერებს”, – განაცხადა ძიძიგურმა.
“დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის გიორგი ახვლედიანის თქმით, პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყნის საარჩევნო სისტემის მთავარი “აქილევსის ქუსლია”, ეს არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობა.
“პრინციპული საკითხია, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ცივილიზებული საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ ქვეყანაში არა რაღაც აბსტრაქტულ 2020 წელს, არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ამ თემაზე, ფორმაზე ვიმუშაოთ, შევქმნათ სპეციალური ჯგუფი ხელისუფლებასთან ერთად, ამაზე მუშაობა სასწრაფოდ დავიწყოთ”, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები