მანანა კობახიძე: პრობლემები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება, არ უნდა აისახოს ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პრობლემები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება არ უნდა აისახოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებაზე.
კობახიძე იმედოვნებს, რომ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები ადეკვატურად შეფასდება.
“ის პრობლემები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება და რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, ჩვენ ვართ ევროპასთან და დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აისახება და არ უნდა აისახოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებაზე, ვინაიდან ეს არის ცალკე საკითხი, დაკავშირებული იმ სამოქმედო გეგმასთან, რომელსაც საქართველო ასრულებს და რომლის საბოლოო ანგარიშსაც ჩვენ ველოდებით 15 დეკემბრისთვის. საქართველომ წარმატებით შეასრულა ეს სამოქმედო გეგმა. ასე რომ, ვფიქრობ, განხორციელებული რეფორმები და მიღწევები, რაც ჩვენ გვაქვს, ადეკვატურად შეფასდება. ამ საკითხს არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეებთან”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
ვიცე-სპიკერი ფიქრობს, ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შესაბამისი ქმედებები, რასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც თავად პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ავრცელებენ.
“საქმე გვაქვს ევროკავშირისთვის, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებასთან, რომელიც ემსახურება საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამასაც, არ მგონია რაიმე ეფექტი და შედეგი ჰქონდეს”, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები