მომავალი ვეტერინარებისათვის კონფერენცია ჩატარდა
ვეტერინარია-მეცხოველეობაში არსებულ გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კვალიფიციური სპეციალისტი – წარმატების გარანტი”, რომლის მიზანი დარგის პოპულარიზაცია, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი ჩართულობაა ევროკავშირთან ინტეგრაციაში.
კონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, საქართველოს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ სტუდენტებს ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები გააცნო და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის ატარებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტთა შეკითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები პასუხობდნენ. მომავალმა ვეტერინარებმა ვეტერინარია-მეცხოველეობასა და კვების უსაფრთხოებაში თავიანთ ნაშრომები წარმოადგინეს. კონფერენცია “კვალიფიციური სპეციალისტი – წარმატების გარანტი” „სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა განვითარება-საქართველო“ (CBA-G) პროექტის მხარდაჭერითა და SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით ჩატარდა.