თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა მალე დასრულდება
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, პირველ და მესამე სექციაზე ავტომაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს, ხოლო 2016 წლის გაზაფხულისთვის კი გარე განათების მონტაჟი და მეორადი გზების დაგება დასრულდება. 17, 4 კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 96 685 218.40 ლარია.
ფონდის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ცნობისთვის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. თავდაპირველად შედგენილი პროექტი (2011-2012 წელს შემუშავდა პროექტი) არ ითვალისწინებდა გზის გარე განათების ქსელისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობას, რაც პროექტის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენა.
ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობას შიდა გზების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხებით, მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში შეიტანა შესაბამისი ცვლილება. ცვლილებების შეტანამ გაზარდა საკონტრაქტო ღირებულება და, ჯამში, ნაცვლად 88 761 128,95 ლარისა, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის ღირებულებამ 96 685 218.40 ლარი შეადგინა. პროექტის ძირითადი ნაწილის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.