წყალმიმღებთან ჩავარდნილი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქედქედში მოქალაქეების მიერ ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.
დეპარტამენტის ცნობით, ინფორმაცია, რომ შველი შპს „მაჭახელაჰესის“ ტერიტორიაზე წყალმიმღებთან იყო ჩავარდნილი, დეპარტამენტის „ცხელ ხაზზე“ შევიდა. შველს გარეგანი დაზიანებები ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, ნაპრალში ჩავარდნისას მიიღო.
ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, შველი რეაბილიტაციის მიზნით ვეტერინართან გადაიყვანეს, მოგვიანებით კი დაცულ ტერიტორიაზე, მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს.