ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად კანონში ცვლილებები მზადაა

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კანონში შესატანი ცვლილებები ეხება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და საქართველოს კანონში – „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
როგორც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი თვითმმართველობების ჩართულობას უკავშირდება.
„მომზადებული კანონპროექტების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება. კანონპროექტების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება ენიჭებათ, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა ოჯახში ძალადობის პრევენცია და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ასევე, უფლებამოსილება ენიჭებათ, ხელი შეუწყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შექმნას“, – განაცხადა ნატო შავლაყაძემ.12285810_1039837289372097_1477901125_n
სამუშაო შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც დაესწრო, რომელმაც კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ თანამშრომლობით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ და გავაკეთილშობილოთ ჩვენი კანონმდებლობა და ცხოვრება. ის სულისკვეთება, რის გარშემოც ვერთიანდებით, მთლიანად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც ძალიან განვითარებულ ქვეყნებს აქვთ საკუთარი ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ვაწესებთ ძალიან მაღალ სტანდარტებს. მივესალმები მოსაზრებას, რომ თავდაპირველად ეს მხოლოდ უფლებამოსილების მინიჭების ფარგლებში იყოს, ხოლო მას შემდეგ, რაც მზად იქნება თვითმმართველობის ორგანოები, უნდა მოხდეს ფუნქციების დელეგირება და გარკვეულწილად ვალდებულებებში გაწერა, რასაც შესაბამისი ბიუჯეტიც უნდა მიჰყვეს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტარი გუგული მაღრაძეც ესწრებოდა. თუმცა, დეპუტატს განსხვავებული მოსაზრება აქვს. გუგული მაღრაძის განცხადებით, წარმოდგენილი საკითხი სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია არსებული რეალობისთვის.
„ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა უმნიშვნელოვანესია და ეს სახელმწიფოს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. როდესაც არ არის შესაძლებლობა თავშესაფრისა, ნიშნავს, რომ მსხვერპლი ხანგრძლივი ძალადობისთვის არის განწირული. მნიშვნელოვანია კრიზისული ცენტრები იყოს ადგილებზე, იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. აუცილებელია, ადგილობრივ თვითმმართველობებს ჰქონდეთ კანონისმიერი საფუძველი, რომ მათ კრიზისული ცენტრების შექმნის უფლებამოსილება გააჩნდეთ. ეს იქნება ერთგვარი პრევენცია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებით უფრო დაცულს გავხდით ძალადობის მსხვერპლებს“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
ღონისძიება პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: მანანა კობახიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, გუგული მაღრაძემ, ეკა ბესელიამ, ასევე, თვითმმართველობებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. კანონპროექტი კი „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ექსპერტმა გია გოგიბერიძემ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები