„მომავალი თბილისი დღეს – 2015“ – კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

სტუდენტური არქიტეტქურული კონკურსის „მომავალი თბილისი დღეს – 2015“ დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოში გაიმართა.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა დააჯილდოვეს.
საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის განითარების ფონდმა „მომავალი თბილისი დღეს -2015“-ის საკონკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყო. საღამოზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა დაეთვალიერებინათ. 2015 წლის საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი „მომავალი თბილისი დღეს – 2015“ თბილისის განვითარების ფონდმა მერიის მხარდაჭერით, Peter Moennig-ის ფონდთან და Tbilisi International Rotary Club-თან ერთად 1 სექტემბერს გამოაცხადა.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკონკურსო პროექტების შესაქმნელად ქალაქის ნებისმიერი ადგილი შეერჩიათ 2 მიმართულების გათვალისწინებით: საზოგადოებრივი (საჯარო) სივრცის და გაუქმებული, ნანგრევი ადგილის განვითარების კუთხით.
როგორც „კვირას“ საკრებულოდან აცნობეს, კონკურსი თბილისის არქიტექტურისა და დედაქალაქის განვითარებაში სტუდენტების აქტიური ჩართულობის მიზნით განხორციელდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი არქიტექტურული და არტისტული ნამუშევრები წარმოეჩინათ და სრულიად ახალი, ინოვაციური პროექტები შეექმნათ.
„მომავალი თბილისი დღეს – 2015“- ის დასკვნით საღამოზე კონკურსის 8 გამარჯვებული დასახელდა, მათ შორის 2 გრან-პრის გადაეცა 4 000 ლარის ფულადი პრიზი, ხოლო დანარჩენი 6 ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდა.
კონკურსში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ აქტიური ჩართულობისთვის. თბილისის განვითარების ფონდი სტუდენტებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები