ეუბნებოდა, ვალი მომეციო, იმან კი დანა აიღო – რას ყვებიან საგარეჯოში მოკლულის მეზობლები
კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობა 11 ათას დოლარს უკავშირდება. სოფელ შრომიდან ნოდარ ქომელიშვილი და მისი სიმამრი მერაბ გოგრიჭიანი სოფელ იორმუღანლოში საკუთარი ფულის დასაბრუნებლად წავიდნენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის სახლში მისულ პირებს რამდენჯერმე ესროლა.
„ვალზე მივიდა, ამას კი „მაკაროვის“სისტემის იარაღი ჰქონდა გაფორმებული და სახლში ედო. აიღო იარაღი და წაიღო. რომ მივიდა, ამას იარაღი არ გამოუყენებია. ეუბნებოდა, ვალი მომეციო, იმას დანა აიუღია, ამ „სპორში“ იარაღი ჩამოუვარდათ, იარაღი აიღო იმან და ერთი კაცი მოკლა, ერთი კი დაჭრა“,- განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
აღნიშნული შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მამაკაცმა საკუთარ ეზოში ერთი ადამიანი მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი მცხოვრების სახლში 2 მამაკაცი ვალის სათხოვნელად მივიდა. დაჭრილი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108 -ე მუხლით მიმდინარეობს.