საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 11 კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი განიხილეს. როგორც “კვირას” საკრებულოდან აცნობეს, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 810 მილიონ 140 000 ლარით განისაზღვრა, საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოუდგინა.

ლევან თევზაიამ ბიუჯეტის მაჩვენებლებზე, კერძოდ, შემოსულობებზე, გადასახდელებსა და ნაშთის ცვლილებზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროგრამებისა და ქვეპროგრამების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟმში გაგრძელდა. დეპუტატებს დასმულ კითხვებზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა და შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა დეტალური პასუხები გასცეს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, კომისიების თავმჯდომარეებმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და წინადადებები დასკვნების სახით წარმოადგინეს, რაზეც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, ხოლო საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები უკვე საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საქალაქო სამსახურების უფროსობისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატებს მოუსმინეს.კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამდებობაზე საკრებულოს დასამტკიცებლად გივი კუბლაშვილის, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარედგინა. რაც შეეხება განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების უფროსებს, თბილისის მერის წარდგინებით, ირაკლი გვილავა და ნოდარ ჭიჭინაძე დასახელდნენ, ხოლო ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი, ხოლო ვაკის რაიონის გამგებლის ვაკანტურ ადგილზე ნოდარ ტურძელაძე იქნა წარმოდგენილი.

კანდიდატებმა სხდომაზე მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს და დეპუტატების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. საქალაქო სამსახურების უფროსებსა და ვაკის რაიონის ახალ გამგებელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები