საფრანგეთის ნომერ პირველი ტერორისტი – ვინ არის ლიკვიდირებული აბდელჰამიდ აბაუდი (ფოტო, ვიდეო)
პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი ლიკვიდირებულია. ის 18 ნოემბერს სენ-დენის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროის მოკლეს, მაგრამ ტერორისტის ამოცნობა მხოლოდ დღეს მოხდა. მისი განადგურება დღეს პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმაც დაადასტურა.
აბაუდი ბელგიის მოქალაქეა, წარმოშობით მაროკოელი. ტერორისტის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხდა, რადგანაც მისი სახე და სხეული ტერორისტების ბინის აფეთქების დროს სერიოზულად დასახიჩრდა.
აბდელჰამიდ აბაუდი ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში გაიზარდა, რომელიც, ძირითადად, არაბებით არის დასახლებული. ამ რაიონმა უკვე „გაითქვა“ სახელი ფართომასშტაბიანი ტერაქტების კვალით, ისეთებით, როგორიცაა მადრიდის 2004 წლის ტერაქტი, შარშან პარიზის სუპერმარკეტზე განხორციელებული თავდასხმა და ებრაული კულტურის მუზეუმში ტურისტებზე თავდასხმა.
აბდელჰამიდ აბაუდი 2010 წელს პარიზის ტერაქტების სხვა შესაძლო ორგანიზატორთან, სალაჰ აბდესლამთან ერთად, ბელგიის ციხეში შეიარაღებული თავდასხმისთვის სასჯელს იხდიდა. 2013 წელს ის „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტებზე. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის თქმით, სენ-დენიში ჩატარებული ოპერაციის შედეგად სულ მცირე ერთი ტერაქტი თავიდან იქნა აცილებული. ტერორისტების სამიზნე პარიზის აეროპორტი ამ დეფანსის კვარტალი შეიძლებოდა ყოფილიყო.