ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებები წარმოადგინეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებები წარმოადგინეს.
როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სოციალურ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიასთან ფართო კონსულტაციების შედეგი.
“უფრო ძლიერი პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან საკვანძოა ევროკავშირისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ ვდგავართ უამრავი გამოწვევის წინაშე ჩვენს საზღვრებთან და მის გარეთ. ტერორისტული აქტები პარიზში, ასევე თავდასხმები ლიბიაში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ირანში, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს წინაშეა გლობალური საფრთხეები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად უნდა ებრძოლოს. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ უფრო უსაფრთხო გარემო, შევეცადოთ გადავწყვიტოთ არაერთი კრიზისი ჩვენს საერთო რეგიონში, მხარი დავუჭიროთ განვითარებას ყველაზე ღარიბ რეგიონებში და ყურადღება მივმართოთ მიგრაციის გამომწვევი ფესვებისკენ. ეს არის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის მიზანი, რომელიც განავითარებს ჩვენს საერთო ინტერესებს და ფასეულობებს და ჩართავს პარტნიორებს უსაფრთხოების საკითხებზე გაფართოებულ თანამშრომლობაში”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
იოჰანეს ჰანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირის მთავარი გამოწვევაა სტაბილურობა მის სამეზობლოში. მისი თქმით, ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის გაძლიერებაზე უსაფრთხოების სექტორში, განსაკუთრებით კონფლიქტის პრევენციის, ანტიტერორისტული და ანტირადიკალური პოლიტიკის მიმართულებით. ამასთან, ახალი სამეზობლო პოლიტიკა მოწოდებულია რეგიონული პრობლემების გადაწყვეტაში, საჭიროებისამებრ, ჩართოს არამეზობელი რეგიონული მოთამაშეები. დღეს წარმოდგენილი წინადადებები უახლოესი თვეების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან განხილვის თემა იქნება. “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გასამყარებლად 2003 წელს შეიქმნა. პროგრამა მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას – საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, მოლდავეთს, უკრაინას, ასევე, სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებს – ალჟირს,ისრაელს, ეგვიპტეს, იორდანიას, ლიბანს, ლიბიას, პალესტინას, მაროკოს, ტუნისსა და სირიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები