გერმანიის ქალქ ჰანოვერში ამხანაგური მატჩი ფეხბურთში, რომელიც გერმანიას და ჰოლანდიას შორის სამშაბათს საღამოს უნდა ჩატარებულიყო, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის რეკომენდაციით გადაიდო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე მეზიერმა განაცხადა, რომ პოლიციამ სტადიონზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ რამდენიმე შეტყობინება მიიღო. მისი თქმით, მატჩის გაუქმების გადაწყვეტილება „მარტივი არ ყოფილა“, მაგრამ მოქალაქეების უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია.
„გერმანიის შსს-ს აქვს ინფორმაცია, რომ ტერორისტები თავდასხმებს მის ტერიტორიაზეც გეგმავენ“, – განაცხადა მეზიერმა.
ამხანაგური მატჩი გერმანიასა და ჰოლანდიას შორის დაწყებამდე ორი საათით ადრე გააუქმეს. მატჩს უნდა დასწრებოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და გერმანიის და ჰოლანდიის მთავრობის წევრები. ასევე, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის პოლიციამ ჰანოვერის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურს ალყა შემოარტყა. აქაც საეჭვო ნივთია ნაპოვნი.