ირაკლი აბესაძემ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე საკრებულოში ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე ისაუბრა.
დეპუტატის შეფასებით, 2016 წლის ბიუჯეტი თბილისელების მოთხოვნებს ვერ პასუხობს და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზეა გათვლილი.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელთა მოთხოვნების ნაცვლად, რაც ავტობუსის მძღოლებისთვის, გამნათებლებისთვის, მოლარეებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგებისთვის, კერძოდ, საქმის რეალურად მკეთებელი ადამიანებისთვის ხელფასების მატებას გულისხმობდა, ბიუჯეტის მიხედვით, ზრდა მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონის გამგეობების სახელფასო ფონდის მიმართულებით ფიქსირდება.
მისივე თქმით, რაც შეეხება სოციალურ დაფინანსებას, ოპერაციებისა და მედიკამენტების ანაზღაურებას, შენობა-ნაგებობების გამაგრებით სამუშაოებსა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს, ამ მხრივ ბიუჯეტში თანხები კლებაა დაფიქსირებული.
,,ჩვენ გვესმის, რომ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტია და მასში კიდევ ბევრი ცვლილება განხორციელდება, თუმცა, არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, მასში თბილისელების პრობლემები, ვფიქრობ, გათვალისწინებული არ იქნება ’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები