ლაშა კვირკვაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

 

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ნეფარიძემ განუცხადა, სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტაცია და ლაშა კვირკვაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ნეფარიძე აცხადებს, რომ ეს არის თავად დაზარალებულის, მისი მეუღლის და ადვოკატების ჩვენებები. ასევე, იმ არასრულწლოვნის ჩვენება, რომლის დასაცავადაც გიორგი მდინარაძე მივიდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში და არასრულწლოვანის მამის ჩვენება.

რაც შეეხება პოლიციელთა ჩვენებებს, პროკურორის თქმით, სამართალდამცველების ჩვენებებიდან პირდაპირ არ დასტურდება ადვოკატის ცემის ფაქტი და პოლიციელები ამბობენ, რომ გიორგი მდინარაძემ დაზიანებები ადმინისტრაციული წესით დაკავების პროცესში მიიღო. ლაშა კვირკვაია პროტესტის ნიშნად შიმშილობს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია რამდენიმე დღის წინ დააკავა. ლაშა კვირკვაია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დააკავეს, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები