რადას დეპუტატებმა უკრაინის ტელევიზიის ხელმძღვანელს გადადგომა აიძულეს (ვიდეო)
უკრაინის „პირველი ნაციონალური“ არხის დირექტორს ალექსანდრ პანტელეიმონოვს უმაღლესი რადას ფრაქცია „თავისუფლების“ დეპუტატებმა გადადგომის შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს,- ამის შესახებ ინფორმაცია თავად პანტელეიმოვონმაც დაადასტურა. სოციალურ ქსელ იუთუბიზე კი დეპუტატების ტელევიზიაში მისვლის, დირექტორის კაბინეტში შეჭრის და შეხლა- შემოხლის კადრებია ასახული. ვიდეოში ჩანს, პანტელეიმონოვი ძალით როგორ დასვეს დეპუტატებმა სავარძელში და სცემდნენ თავისა და სახის არეში. „თავისუფლების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა იგორ მიროშენკომ ის მაიდნის მოვლენების დროს მუდმივად ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და „მოსკოვთან შეძრომაში“ დასდო ბრალი, რის შემდეგაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 20-მა ადამიანმა ტელევიზიის დირექტორი მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.