ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორისტების მეორე ავტომანქანას მიაკვლიეს
საფრანგეთის პოლიციამ მეორე ავტომანქანა იპოვა, რომლითაც ექსტრემისტები ტერაქტის ღამეს გადაადგილდებოდნენ. შავი ფერის Seat-ს მარკის ავტომაქანას სამართალდამცველებმა პარიზის გარეუბანში, მონტრეიში მიაკვლიეს. ის აღწერილობით სერიული ტერაქტების ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ დახასიათებულ ავტომანქანას ემთხვევა.
ფრანგული მედია, ადგილობრივი სამართალდამცველების წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავტომობილში ასევე ნაპოვნია „კალაშნიკოვის“ ტიპის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი. სავარაუდოდ, 13 ნოემბრის ღამეს ტერაქტების შემსრულებლებმა სწორედ ეს იარაღი გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ შაბათს საფრანგეთის პოლიციამ საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანის“ მახლობლად ფოლცვაგენის მარკის პირველი ავტომანქანა იპოვა. ტრანსპორტი ბელგიაში იყო დარეგისტრირებული და ის სავარაუდოდ, დამნაშავე პირებს იჯარით ჰქონდათ აღებული.
ამ დროისთვის ბელგიაში ტერაქტებთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი 5 პირია დაკავებული.
