პრეზიდენტის ადმინისტრაცია: გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას შეუწყვეტს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას შეუწყვეტს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილის მრჩეველმა გიორგი კერენჩხილაძემ გააკეთა.
კვერენჩხილაძის თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც იგი იღებს ანალოგიური საფუძვლით საქართველოს სხვა მოქალაქეების შემთხვევაში.
“მოქალქეობის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალქეობის მიღებას.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, გახლავთ უპირობო საფუძველი ამ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის. ამგვარი საფუძვლით მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე იუსტიციის სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვის განმავლობაში ასეულობით განცხადება შემოდის.
შესაბამისად, პრეზიდენტი მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც იგი იღებს ანალოგიური საფუძვლით საქართველოს სხვა მოქალაქეების შემთხვევაში. ანუ შეუწყვეტს ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობას. გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში არ დაარღვევს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ნორმებს”, – აღნიშნა კერენჩხილაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დეკემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები