ეგვიპტეში ფრენა ყაზახეთის ხელისუფლებამაც აკრძალა
ყაზახეთის ხელისუფლებამ ეგვიპტეში ტურისტული ავიარეისები შეაჩერა. გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა მიიღო, რომელმაც ეს ინფორმაცია ტურისტულ ოპერატორებს მიაწოდა.
„ეს გადაწყვეტილება ეგვიპტეში არასტაბილური მდგომარეობის გამო მიიღეს. საკითხი რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილებოდა. საქმე ეხება ყაზახეთის მოქალაქეთა უსაფრთხოებას“, – განაცხადა ყაზახეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტმა ასელ ნურკებაევამ. მისი თქმით, ფრენა რუსული ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერის კატასტროფის მიზეზების საბოლოო დადგენამდე არის შეჩერებული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები სთავაზობენ ქვეყნის მთავრობას და პრეზიდენტს, ეგვიპტის გარდა, ფრენები თურქეთსა და ტუნისშიც აკრძალოს.