დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს იყო აბსოლუტურად ღია კონკურსი და ღია ტენდერი

„ჩვენ წელიწადნახევარში მოვახერხეთ ის, რასაც დიდი ევროპული ქვეყნები ანდომებენ ოთხ, შვიდ, რვა წელიწადს“, – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განუცხადა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, სისწრაფით და ეფექტურობით, არის რეკორდსმენებს შორის ციფრული მაუწყებლობის რეფორმის გატარების თვალსაზრისით.
„რეალურად, თვითონ პროცესი საკმაოდ რთული იყო. ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიამ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, არაერთ ფორუმზე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან მთლიანად, მთელი პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭირვალე. ჩვენ შევქმენით როგორც სარეზერვო პლატფორმა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, ასევე გავხსენით სრულიად ლიბერალიზირებული ბაზარი და კომერციული ოპერატორი შემოვიდა. ეს იყო აბსოლუტურად ღია კონკურსი და ღია ტენდერი. დღესდღეისობით, ჩვენ გვყავს როგორც კომერციული ოპერატორი, ასევე გვაქვს სახელმწიფო სარეზერვო ქსელი“, – აღნიშნა მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის საჭირო ყველა სამუშაო, მათ შორის, ქსელის მშენებლობა, მოსახლეობის სუბსიდირება და საინფორმაციო კამპანია დასრულებულია. დღეს მოსახლეობას მიეწოდება პროგრამები როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციული ქსელების საშუალებით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება დათქმულ ვადებში წარმატებით შეასრულა. რეფორმის განხორციელების შედეგად მოსახლეობამ მიიღო უფრო მეტი ღია საეთერო პროგრამის ხილვის შესაძლებლობა, ასევე ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხი და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური ფუნქციონალი.
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო ქუბინიძის ინფორმაციით, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელშეწყობის მიზნით, სიხშირული რესურსის დაგეგმარების შედეგად, სახელმწიფომ შექმნა 100-ზე მეტი ეროვნული მასშტაბის მაუწყებლის თანაარსებობის შესაძლებლობა, ხოლო რეგიონული სატელევიზიო ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის, ადგილობრივ საეთერო მაუწყებლებს მეტრულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის ფლობის შესაძლებლობა განუსაზღვრა და ამასთან, კანონმდენლობით შეუქმნა პერსპექტივა, რომ სურვილის შემთხვევაში, გაზარდონ პროგრამების გავრცელების არეალი.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, მაუწყებლებს შეუმცირდათ მულტიპლექს პლატფორმების მშენებლობისა და მართვის აუცილებლობით განპირობებული ხარჯები, რამაც მედიაბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა განაპირობა. ასევე აღინიშნა, რომ უმაღლესი კატეგორიის ქსელური აპარატურისა და სერტიფიცირებული „სეთ-თოფ ბოქსების“ შესყიდვით, სახელმწიფომ უზრუნველყო ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური დაცვა და საბიუჯეტო ფულადი სახსრების ოპტიმალური, რაციონალური ხარჯვა.
„მინდა აღვნიშნო, რომ 236 ათას სოციალურად დაუცველ პირს უფასოდ გადავეცით „სეთ-თოფ ბოქსი“ და, შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ. მინდა მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ძველი ტექნოლოგიით საქართველოში შესაძლებელი იყო მხოლოდ შვიდამდე არხის ტრანსლირება მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეს კი ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივი გარჩევადობით 100 არხი ვატრანსლიროთ საქართველოს მასშტაბით. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა და ამან გამოიწვია ისიც, რომ ძალიან გამარტივდა ტელევიზიის გახსნაც – ნებისმიერ კეთილსინდისიერ მსურველს ძალიან მარტივად შეუძლია ტელევიზიის გახსნა და ტრანსლირება. მინდა აღვნიშნო ციფრული დივიდენდების შესახებაც – ეს არის გამოთავისუფლებული სიხშირული რესურსი, რომელიც შემდგომში გაიყიდა და ამ რესურსით მეოთხე თაობის ინტერნეტტექნოლოგიებს ნერგავენ ჩვენი მობილური ოპერატორები. აქედან სახელმწიფომ 300 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ციფრული რეფორმის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი უჩა სეთური, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. ღონისძიებაზე სპეციალური სიგელები გადაეცათ იმ კომპანიებსა და ცალკეულ ადამიანებს, რომლებმაც რეფორმის პროცესში უპრეცედენტო თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები