დავით დვალი: ზაალ უდუმაშვილისგან შინაარსობრივი დასაბუთება ვერ მოვისმინე იმის გარდა, რომ ლანძღვა-გინება იყო

მართალი რომ გითხრათ, ზაალ უდუმაშვილისგან შინაარსობრივი დასაბუთება ვერ მოვისმინე იმის გარდა, რომ ლანძღვა-გინება იყო – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დროებითმა მმართველმა დავით დვალმა “TV პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის დროებითმა მმართველებმა ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ დაძაბულობა თავიდან აეცილებინათ. როგორც დვალმა აღნიშნა, მათ ვერ გაიაზრეს, რომ ის ბარიკადების სცენარი, რომელიც ოდესიდან დაუდგეს, ჩავარდნილია და არ იმუშავებს.

“ჩვენი გადაწყვეტილება მკაფიოა, ჩვენ გვინდოდა აგვეცილებინა დაძაბულობა. სანამ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, გვინდოდა ეს კოლაფსი აგვეცილებინა თავიდან, რომ უპრობლემოდ ყოფილიყო სიტუაცია განმუხტული. მე თქვენ გეკითხებით – განცხადება, რომელშიც ერთის მხრივ ამბობენ, რომ არ ცნობენ გადაწყვეტილებას, არც ჩვენ, არ აპირებენ ჩვენს იქ შეშვებას და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ რაღაც პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება, მოდით მოსახლეობამ განსაჯოს. მგონი ეს უკვე ჰგავს ცირკს, მცდელობას, იძულებული გაგვხადონ, იქნებ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, იძულებითი გზით ვეცადოთ. მინდა მკაფიოდ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ უარი მივიღეთ, ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება. არ ვაპირებთ ძალადობრივი გზით, დამთავრდა ეგ სცენარი. მგონი ვერ გაიაზრეს, რომ ის ბარიკადების სცენარი, რომელიც ოდესიდან დაუდგეს, ჩავარდნილია, არ იმუშავებს. რაც შეეხება შემდგომ გეგმებს, დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რა რეაქციები ექნება ან ერთს, ან მეორეს, უახლოესი დღეები ამას გვიჩვენებს, მხოლოდ ამის შემდგომ გამოვაცხადებთ შემდგომ ნაბიჯებს. მე იმედი მაქვს, რომ 15 ნოემბრამდე რაღაცას მოვახერხებთ, არც ეს 15 ნოემბერია ისეთი ტრაგიკული. გადაცილებაზე რაღაც ტიპის ჯარიმაა, თუმცა ამით არც კომპანია დაიქცევა და არც ჩვენ”, – განაცხადა დავით დვალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები