„დასანანია, რომ ევროკომისარმა ყველა ძალისხმევას არ მიმართა, რათა მოხვედრილიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე“
ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები მიმდინარეობს – ამის შესახებ იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ნილს მიუჟნიეკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დასანანია, რომ კომისარმა ყველა ძალისხმევას არ მიმართა იმისთვის, რომ ამ ვიზიტისას მოხვედრილიყო იმ ტერიტორიებზე და ენახა რა უფლებრივი მდგომარეობაა იქ, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იურისდიქციას ვერ ახორციელებს.
“ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები მიმდინარეობს. ძალიან კარგია, რომ მას ეს ესმის, თუმცა, როგორც ჩანს, მან არ მიმართა რუსეთს და ვერ ამიხსნა რატომ, იმისთვის, რომ მოეთხოვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა.
იმის ახსნა, რომ რუსეთი აკონტროლებს ამ ტერიტორიებს, ის, რომ რუსეთია ოკუპაციის ავტორი, ალბათ არ უნდა გვიწევდეს მრავალჯერ, იმიტომ, რომ ეს არის რეალური. დასანანია, რომ ყველა ძალისხმევას არ მიმართა კომისარმა იმისთვის, რომ ამ ვიზიტისას მაინც მოხვედრილიყო იმ ტერიტორიებზე და ენახა რა უფლებრივი მდგომარეობაა იქ, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იურისდიქციას ვერ ახორციელებს. ჩვენი საუბრის თემაც სწორედ ამას შეეხო”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.