კახა კახიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანთან, ედუარდ უოლთან ჰქონდა.
შეხვედრას ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი კვლევისა და პოლიტიკურ საკითხებში ტონი სტრეველერი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დიარდრა მორგანი და დეპარტამენტის აღმასრულებელი ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართულ დელეგაციასა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტმანეტის აღმასრულებელ ჯგუფს შორის დისკუსია გაიმართა იუნიტ მენეჯმენტზე და კლასიფიკაციების მიხედვით დაწესებულებების ზოგადი მიმოხილვა მოხდა.
კახა კახიშვილმა ამერიკულ მხარეს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პრობაციის სისტემაში დანერგილი სიახლეები და პენიტენციური ჯანდაცვის საკითხები განიხილეს.
ასევე, საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა შეფასებას რისკების მიხედვით. თავის მხრივ, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქართულ დელეგაციას დაწესებულებებში დანერგილი რეფორმები გააცნო.
დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოუქჰილის სასჯელაღსრულების დაწესებულება, გაეცნენ მის ინფრასტრუქტურას და დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული რბილი ავეჯის საამქრო, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დეინ ქონთის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. ვიზიტის მეორე დღეს ქართულმა დელეგაციამ კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით დოჯის სასჯელაღსრულების დაწესებულება დაათვალიერა.
დოჯის დაწესებულების ხელმძღვანელმა, უილიამ პოლარმა სასჯელაღსრულების მინისტრს ყველა ის სერვისი გააცნო, რომლითაც დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები სარგებლობენ. ასევე, დაათვალიერეს საწარმოები, სადაც მსჯავრდებულები მუშაობენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მსჯავრდებულების დასაქმების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გამოცდილებას გაეცნო. დოჯის დაწესებულებაში ვიზიტისას ქართული დელეგაციის წევრებმა მსჯავრდებულების მიერ მომზადებული კერძებიც დააგემოვნეს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კახა კახიშვილი ვაუპუნის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას ეწვია, ადგილზე გაეცნო დაწესებულების პირობებს და იმ ნოვაციებს, რომელიც დაწესებულებაში წარმატებით დაინერგა. ამერიკულმა მხარემ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 11-13 ნოემბერს დაგეგმილია კახა კახიშვილის შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში. გარდა ამისა, სამინისტროს დელეგაცია შეხვდება კონგრესის წარმომადგენლებს, სადაც საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმებს, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს. ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და INL-ის თანამშრომლობის ფარგლებში პენიტენციური სისტემის ათობით თანამშრომელი იმყოფებოდა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, ადგილზე გაეცნო მოწინავე პრაქტიკას, აიმაღლა კვალიფიკაცია და გადამზადდა.