ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“რუსთავი 2”-ის უფლებაშეჩერებული გენერალური დირექტორისა და მისი პირველი მოადგილის ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ეხმაურება და ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
საქმე ეხება, “რუსთავი 2″-ის ეთერში გვარამია- უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარი იყო არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე (მინდობილობაზე).
„დღეს, „რუსთავი2″-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განცხადების ავტორების საყურადღებოდ კანონს განმარტავს. განცხადებაში საუბარი იყო თითქოსდა არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე (მინდობილობაზე).
კერძოდ, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა/რწმუნებულება ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც ერთი (ან რამდენიმე) პირის მიერ ცალმხრივად ხდება ნების გამოვლენა ნოტარიუსის წინაშე. ამგვარად, ნების გამოვლენით კონკრეტულ პირს გადაეცემა გარკვეული უფლებამოსილებები.
მინდობილი პირის ინფორმირება არ წარმოადგენს ნოტარიუსის კომპეტენციას და მით უფრო, ასეთი სახის ვალდებულებას კანონი არ იცნობს.
ამიტომაც, მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისას, სავალდებულო არ არის სანოტარო დოკუმენტში მინდობილი/რწმუნებული პირის ხელმოწერის ასახვა და არც მინდობილი პირის ნების გარკვევა.
შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მას ამ თემაზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს”, – ნათქვამია ნოტარიუსთა პალატის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, “რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველებმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ტელეკომპანიის დროებითი მმართველობა ზაალ უდუმაშვილს შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
“მე მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრეს დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ იყო? მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და ვიცი, რომ ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის უკანონო”, – აღნიშნა უდუმაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები