“ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ თბილისის აეროპორტიდან მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ თბილისის აეროპორტიდან მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ახალი რეისების შესრულებას იწყებს. კომპანიამ 2015 წლის პროდუქციის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო Hualing Hotels and Preference-ში გამართა. კერძოდ, შეხვედრაზე თბილისი-ურუმჩი-სეულის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ნიუ-იორკის, თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ტორონტოსა და თბილისის-ურუმჩი-გუანჯოუ-ლოს-ანჯელესის რეისებზე ისაუბრეს. ღონისძიებას „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების“ სათავო ოფისის მარკეტინგის განყოფილების გენერალური მენეჯერი, ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის კონსული ლიუ ბო, საქართველოში ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სააგენტოების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ-ჯორჯიას“, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შეხვედრა ჩინეთის ელჩმა საქართველოში იუე ბინმა გახსნა, რომელმაც ძველი „აბრეშუმის გზისათვის“ საქართველოს მთავარ როლზე, მის სტარტეგიულ მდებარეობაზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.12239435_1223054977710490_8913662403890184859_o
„ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ჭანგ ძუნმა დამსწრეებს ჩინური ავიახაზების მთავარ სტრატეგიასა და საერთაშორისო სამარშრუტო ქსელზე გააცნო ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის 9 ივნისიდან, რაც ურუმჩი-თბილისის პირდაპირი რეისი დაინიშნა, ხსენებული ავიაკომპანია რეისების რაოდენობის გასაზრდელად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად მუდმივად მუშაობს. „გასული წლის სექტემბრიდან „ჩინეთის ავიხაზებს“ პირდაპირი რეისი აქვს ლანჭოუში, რათა იქ მიმავალი ქართველი სტუდენტებისა და ჩინელი მასწავლებლებისათვის მგზავრობა უფრო მოსახერხებელი იყოს. საქართველოდან ჯერჯერობით ბევრი ტურისტი არ გვყავს. თუმცა თუ გამოჩნდებიან მსურველები, რომლებიც ჩვენი კომპანიის სატრანზიტო მომსახურებას გამოიყენებენ, მათთვის უფრო დაბალი ფასები გვექნება. ჩინელებს საქართველო ძალიან უყვართ, მაგრამ მისი ისტორია ფართო მასებმა ჯერ არ იციან. ახალი რეისების ამოქმედება ორი ქვეყნის ხალხებს ერთმანეთს უფრო დაახლოებს“, – აღნიშნა ჭანგ ძუნმა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განაცხადა, „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ ქართულ ავიაბაზარზე 4 წელია, ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მას საქართველოსთან პრეტენზიები არ გასჩენია. „პრეტენზიები არც ჩვენთან გვაქვს. კომპანიის მიერ შესრულებული რეისები ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩინური მხარე მათი რაოდენობის გაზრდას აპირებს. ჩინეთის მთავრობა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხს განიხილავს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ტურიზმის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა კი ავიახაზების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია“, – აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.
შეხვედრის დასასრულს ლატარია გათამაშდა. გამარჯვებულს თბილისი-პეკინის მიმართულებით უფასო ორმხრივი ბილეთი, მეორე ადგილზე გასულს კი თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ასევე უფასო ორმხრივი ბილეთი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები