გიორგი ალიბეგაშვილმა ჰაგიოგრაფიულ თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა „XXI საუკუნე”-ში უფროსკლასელებს ჰაგიოგრაფიულ თემაზე საჯარო ლექცია წაუკითხა.
სკოლის აღსაზრდელებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა, სადაც გიორგი ალიბეგაშვილმა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებებსა და ჟანრებზე ისაუბრა, აღნიშნული სამეცნიერო დისციპლინის თაობაზე მსმენელების შეკითხვებს უპასუხა.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, თანამედროვე ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირების პროცესში სხვა მრავალ ღირებულებასთან ერთად ეროვნული თავისთავადობის ისეთი ტრადიციული, თვითმყოფადი და წარმატებული კულტურული მახასიათებლის წარმოჩინება, როგორიც განათლების ისტორიაა, აუცილებელ და მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
„მოგეხსენებათ, ჰაგიოგრაფია სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც წმინდანთა ცხოვრებას, ღვთისმეტყველებასა და წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ ასპექტებს სწავლობს. ქართულ ეკლესია-მონასტრებში წარმოდგენილი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა ანტიკური ცოდნის მდიდარ ტრადიციებს ემყარება.
ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია მომავალ თაობებს ამ მიმართულების შეცნობის პირობები და შესაძლებლობები შევუქმნათ, რადგან სწორედ ჰაგიოგრაფია აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფორმირების, ეროვნული ცნობიერებისა და მთელი შემდგომი ეპოქების სააზროვნო კულტურის განვითარების გზაზე ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი “-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ლექციის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლის აღსაზრდელებს საინტერესო დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები