ყირიმში უკრაინელ სამხედროებს იარაღის გამოყენების უფლება მისცეს
უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის საზღვარზე სამხედროების მობილიზება მოახდინა. იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ყირიმში მსახურობენ, იარაღის გამოყენების უფლება მისცეს, – განცხადებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “უკრაინელი სამხედრო პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის დაღუპვის მიზეზიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების თავდასხმა გახდა, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ყირიმში განთავსებულ სამხედროებს მიეცათ იარაღის გამოყენების უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში. განვითარებულ პროცესებზე განცხადებებს ყირიმის პრემიერი აკეთებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ყირიმელი სამხედროები ჩეჩნეთსა და დაღესტანში დაიწყებენ სამსახურს. გასულ ღამეს ყირიმში რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი გაიტაცეს. უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ ნახევარკუნძულზე საეკლესიო ქონების აღწერა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაიწყეს.