ნუკრი ქანთარია: „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილებამ სააკაშვილის ძალადობრივი ფრაზები გადაფარა

არათუ აშშ-ის ელჩს, უმრავლესობის წარმომადგენლებსაც კი ეგონათ, რომ მოსამართლემ განჩინება ღამით, სიბნელეში, კბილების კრაჭუნით, ფარნის შუქზე მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო ფრთა მოისუსტებს და უცხოელი დიპლომატებისთვის ზუსტ რეაგირებას – დროულად ინფორმაციის მიწოდებას ვერ ახდენს.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საგარეო ფრთა მოისუსტებს და ზუსტ რეაგირებას – დროულად ინფორმაციის მიწოდებას ვერ ახდენს. არათუ აშშ-ის ელჩს, უმრავლესობის წარმომადგენლებსაც კი ეგონათ, რომ მოსამართლემ განჩინება ღამით, სიბნელეში, კბილების კრაჭუნით, ფარნის შუქზე მიიღო. ინფორმირება ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ვფიქრობ, საჭიროა რაღაცების საფუძვლიანად შეცვლა. აქ პასუხისმგებლობა, მინდა, „თავისუფალმა დემოკრატებმაც” აიღონ – კოალიციაში ყოფნისას მათზე იყო საგარეო ფრთა, როგორც დიპლომატთა პარტიაზე”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარია „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმცირესობის არცერთ წევრს ამაზე საკუთარი პოზიცია არ გამოუთქვამს.
„რუსთავი 2″-თან დაკავშირებით მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილებამ, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, გადაფარა ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფრაზები: – „საქართველოში სისხლი დაიღვრება”, „ბოევიკები“ უნდა დადგნენ”, „ვიღაცებს ცხვირები უნდა დაეჩეჩქვოთ” და სხვა მსგავსი ძალადობრივი ფრაზები რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე. ქინძზე და ოხრახუშზე აღარაფერს ვამბობ, ეს მათი ნებაა. უმცირესობის არცერთ წევრს ამაზე საკუთარი პოზიცია არ გამოუთქვამს, რაც პირდაპირი მინიშნებაა, რომ სისხლიან სცენარს არ ემიჯნებიან და, ნებით თუ უნებლიე“, ამ ყველაფრის თანამონაწილენი არიან. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია, მათთან ვინმე პოლემიკაში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე შევიდეს”, – აღნიშნა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები