გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშს გამოეხმაურა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. დოკუმენტში ასახულია 2011 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია. მინისტრის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიში ცხადყოფს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული, ევროპული ტიპი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. „გუშინდელმა განხილვამ, ნათლად წარმოაჩინა ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე, ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები; წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; მედია-გარემოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და კოდექსის შემუშავება; უმცირესობათა ინტეგრირება საზოგადოებაში და ქვეყანაში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფა“ – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ეს განხილვა ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებითაც. რადგან გაეროს წევრი ქვეყნების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობა. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმალობაში შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში ამგვარი პროგრესის მიღწევა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ააშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს აფასებენ და ხედავენ ჩვენი პარტნიორები. საქართველოს მთავრობის დელეგაცია მადლობას უხდის განხილვაში მონაწილე დელეგაციებს გამოთქმული შეფასებებისა და რეკომენდაციებისათვის. განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის: საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარსა და გაეროს განვითარების პროგრამას დაინტერესებისა და ანგარიშის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ 2 კვირის წინ საქართველო აირჩიეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2016-2018 წლის ვადით და მოხარული ვართ, რომ ქვეყანამ ღირსეულად შეაბიჯა ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი დონის გაერთიანებაში, სადაც ის გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დაცვას“- განაცხადა მინისტრმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 10 ნოემბერს განიხილეს. 12 ნოემბერს დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის ანგარიშის დამტკიცება, რომელშიც აისახება საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები