„მოსამართლეს საზოგადოების სწორი თუ არასწორი ზეწოლისგან ფსიქოლოგიური დისკომფორტი არ უნდა შეექმნას“

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე საზოგადოებას და მოდავე მხარეებს „რუსთავი 2“ ის საქმესთან დაკავშირებით მოუწოდებს, მოსამართლის ან საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოს. როგორც სოფრომაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საქმის გარშემო შექმნილი სიტუაცია აჩენს საფრთხეს, რომ მოსამართლე გავლენის ქვეშ მოექცეს.
სოფრომაძის თქმით, მოსამართლის დამოუკიდებლობა არ შეიძლება მარტო ხელისუფლების მხრიდან ჩარევამ შელახოს. მისი თქმით, შეიძლება მოსამართლის დამოუკიდებლობაზე საზოგადოებრივმა აზრმაც იმოქმედოს და მოახდინოს მასზე დიდი გავლენა.
იუსტიციის უმარლესი საბჭოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში უნდა დაბრუნდეს.
„ სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ სრულ დამოუკიდებლობას და იდეალურ სასამართლოს რომ მივაღწიოთ, დიდი დრო სჭირდება. დრო სჭირდება როგორც სასამართლოს რეფორმების გატარებას, ასევე მოქალაქეების ცნობიერების დახვეწას. არ შეიძლება ერთი თემა ან ერთი საქმე იმ დონის რეზონანსული გახდეს, რომ ამან სასამართლო სისტემის იმიჯს საფრთხე შეუქმნას. თუკი რაიმე დანაშაული არსებობს მოსამართლის ან სასამართლოს თანამშრომლის მხრიდან, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე საჩივარი განვიხილოთ.
რაც შეიძლება ამის საზოგადოებაში, ტრანსპორტში და სხვაგან ამის განხილვას, ეს შესაძლოა, საზოგადოებრივი განხილვის საგანი იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს გარკვეული ზომით და თანაფარდობით, რომ არ გადავიდეთ ზღვარდაგასულ შეურაცხყოფაზე სხვა პიროვნებების მიმართ. იქნება ეს მოსამართლე, მოწინააღმდეგე მხარე თუ სხვა. ეთიკური სტანდარტები მოწინააღმდეგეებს შორისაც არსებობს. მოსამართლის დამოუკიდებლობა არ შეიძლება მარტო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ან მოსამართლის მითითებამ ან ხელისუფლების მხრიდან ჩარევამ შელახოს. შეიძლება მოსამართლის დამოუკიდებლობაზე საზოგადოებრივმა აზრმაც იმოქმედოს და მასზე დიდი გავლენა მოახდინოს. ეს პროცესები სამართლებრივ ჩარჩოში უნდა დაბრუნდეს.
არ შეიძლება პიროვნების პირადი შეურაცხყოფის დონეზე გადასვლა თუნდაც იმიტომ, რომ ამის გამო სხვა მოსამართლეს შეიძლება გარკვეული კომპლექსები შეექმნას. ამ საქმეს ორი ინსტანცია აქვს გასავლელი. ბევრი შუალედური განჩინება იქნება მიღებული და ესენიც უნდა გასაჩივრდეს. ამ საქმეში ჩართულ მოსამართლეს საზოგადოების სწორი თუ არასწორი ზეწოლისგან ფსიქოლოგიური დისკომფორტი არ უნდა შეექმნას. საზოგადოების რეაქციაც გარკვეულ ფარგლებში უნდა მოექცეს, რომ თავისუფალი სასამართლო მივიღოთ“, – განაცხადა კახა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები