ირაკლი ღარიბაშვილი: იმედი გვაქვს, ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიღწევები

ჩვენი ძირითადი გზავნილია, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროკავშირის აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური სახელმწიფოს, წარმატებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლთან, ფედერიკა მოგერინისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერმა ფედერიკა მოგერინისთან გამართული შეხვედრას, ღია, მეგობრული და საქმიანი უწოდა.
“ვისაუბრეთ დღის წესრიგის ყველა აქტუალურ საკითხზე. ჩვენი ძირითადი გზავნილია, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროკავშირის აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური სახელმწიფოს, წარმატებისათვის. ქალბატონ მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა, რათა დასახული საერთო მიზნები რეალობად ვაქციოთ. ზუსტად ერთ კვირაში, 16 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შევაჯამოთ არსებული პროგრესი და მოვამზადოთ საფუძველი ახალი მიღწევებისა და ინიციატივებისთვის“,– განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მიზანია, იყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში წარმატების ნათელი მაგალითი. „ამ თვალსაზრისით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივის ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობების განვითარებას ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ამის დასტურად, ჩვენ გამოვთქვით მზაობა, 26 ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალურ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას“, –განმარტა პრემიერ–მინისტრმა. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მისი თქმით, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი დააჩქარებს ქვეყნის ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციისკენ მიმართულ ძირეულ რეფორმებს. „ჩვენმა მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიღწევები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება. ეს გადაწყვეტილება იქნება ნათელი დასტური საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს“,–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღის ბოლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად ეწვევა ე.წ. გამყოფ ხაზს, რაც მოგერინის განმარტებით, არის ევროკავშირის მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ხშირად გავაჟღეროთ ეს მხარდაჭერა. მოხარული ვარ, რომ დღეს პრემიერ–მინისტრისგან მოვისმინე ევროკავშირის სამონიტორინგო მისიის მნიშვნელობის აღიარება და ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი წვლილის შეტანას სტაბილური გარემოს შექმნის თვალსაზრისით,“–განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები