ვახტანგ ხმალაძე: საფუძვლიანი ეჭვი შეგვექმნა ვარძელაშვილისა და კოპალეიშვილის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მედიასთან იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა საფუძველზეც პარლამენტი “რუსთავი2”-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე ორი მოსამართლის – კოლეგიის თავმჯდომარის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის, მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს.
ხმალაძის თქმით, მოცემულ სიტუაციაში პარლამენტი არა მარტო უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც არის ყველა ის მექანიზმი გამოიყენოს, რომელიც სასამართლო განხილვისას მხარეს აქვს.
“სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ მაშინ, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, მაგრამ როცა საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოზე, აქ პარლამენტი არის საპროცესო მხარე – მოპასუხე ამ შემთხვევაში პარლამენტია. აქ პარლამენტი არა მარტო უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც არის ყველა ის მექანიზმი გამოიყენოს, რომელიც სასამართლო განხილვისას მხარეს აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი შეგვექმნა კოლეგიის თავმჯდომარის, ბატონ ვარძელაშვილისა და კოლეგიის წევრის, ქალბატონი კოპალეიშვილის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაზე. შუამდგომლობაში დაწვრილებით არის აღწერილი მთელი პროცესი, რამაც ეჭვის წარმოქმნა გამოიწვია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ხმალაძემ.
ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის ნიკა გვარამიასთან პიროვნულ ურთიერთობებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, აღნიშნულ მოსამართლეებს მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ნიკა გვარამიასთან.
“ამ ორ მოსამართლეს მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ბატონ ნიკა გვარამიასთან. ერთ-ერთი მათგანი იყო მისი მოადგილე, როდესაც გვარამია იუსტიციის მინისტრი გახლდათ. შემდგომ იყო მისი მოადგილე, როცა გვარამია გახლდათ განათლების მინისტრი. კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლე წლების განმავლობაში იუტიციის მინისტრის მოადგილე იყო. იყვნენ ერთი და იმავე პოლიტიკური გუნდის წევრები. შესაძლოა ეს ამანც განაპირობა, მაგრამ აქ მთავარია, თუ როგორ მოხდა სხვადასხვა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელების განხილვა. ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხევევა, რომ სასამართლოს დაეკმაყოფილებინოს ნორმის შეჩერების მოთხოვნა მხარეთა მონაწილეობის გარეშე”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.