დატოვებენ თუ არა “მრეწველები” კოალიციას – ზურაბ ტყემალაძის განმარტება
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ მდივანი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ გოგი თოფაძემ სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
როგორც ტყემალაძე “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, თოფაძეს აღნიშნულ თემაზე კოალიციის წევრებთან კონსულტაციები არ ჰქონია.
“ყოფილა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება გოგიმ დამოუკიდებლად მიიღო და კოალიციის წევრებთან კონსულტაციები არ ჰქონია. მე და გოგის არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ვართ თანამოაზრეები და მეგობრები ჩვენს შორის დამალული არ ყოფილა გეგმების შესახებ. შესაბამისად, ჩემთვის მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა“, – განუცხადა “კვირას“ ზურაბ ტყემალაძემ.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება “მრეწველების“ მიერ კოალიციის დატოვების საკითხი – ტყემალაძე აცხადებს, რომ საკითხი არ განიხილება და “მრეწველები“ რჩებიან კოალიციაში.
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს. ამასთან, როგორც თოფაძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტში მის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების შემდეგ განახორციელებს.