საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დეკლარაცია ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერებული სტრატეგიული პატრნიორობა მიზნად ისახავს იმ ამოცანების გადაჭრას, რომელიც ორი ქვეყნისთვის საერთოა.
თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, ასევე აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული კონფლიქტის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის საფუძველზე გადაჭრის, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების, მათ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა.
“კვირა” დეკლარაციის სრულ ტექსტს გთავაზობთ:
საქართველოს პრეზიდენტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი,ითვალისწინებენ რა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალგანზომილებიან ურთიერთობებს, რომელიც ეფუძნება მეგობრობას, სუვერენულ თანასწორობას, ურთიერთნდობასა და სხვადასხვა სფეროში მათი ინტერესების თანხვედრას,
აცნობიერებენ რა ისტორიულ კავშირებსა და ნაყოფიერი თანამშრომლობის ტრადიციას, რომელიც საფუძვლად უდევს მათ ამჟამინდელ ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას,
აღნიშნავენ რა 1996 წლის 8 მარტს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუშიშროების განმტკიცების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობას,
ხელმძღვანელობენ რა გაერო-ს ქარტიის მიზნებითა და პრინციპებით, ხაზს უსვამენ რა მათ ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების საერთო იდეებისადმი, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მიმართ, გაერო-ს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს პრინციპების შესაბამისად,
აღნიშნავენ რა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთობლივად ხელშეწყობის მნიშვნელობას,
ხელმძღვანელობენ რა სურვილით, მოახდინონ მათი გრძელვადიანი თანამშრომლობის კონსოლიდირება და შესძინონ მათ ურთიერთობებს თვისობრივად ახალი ხასიათი, ორმხრივად სასარგებლო ახალ სფეროებში გავრცობით,
აცხადებენ შემდეგს:
1. ორი ქვეყანა განაგრძობს არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, რომლის მიზანია საერთო ინტერესის სფეროებში მათი ურთიერთობების დონის შემდგომი ამაღლება, ურთიერთობათა გაღრმავებითა და გაფართოებით როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.
2. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს გაძლიერებულ თანამშრომლობას, მიზნების მისაღწევად, შემდეგ სფეროებში:
a) პოლიტიკა
– სტრატეგიული დიალოგის გაგრძელება, ორი ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით, ორმხრივი ურთიერთობების, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი რეგიონული და გლობალური საკითხების განსახილველად;
– თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის რეგულარული ურთიერთგაცვლების ხელშეწყობა, მათ შორის, მრავალმხრივ ფორმატებში, შესაბამისი მეგობრობის ჯგუფების მხარდაჭერით;
– თანამშრომლობის გაძლიერება გაერო-ში, მისი სპეციალიზებული ორგანოებისა და ინსტიტუტების ჩათვლით, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და სუამ-ში, ასევე ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ფორუმებზე;
– ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საერთო ინტერესის სფეროში შემავალ ძირითად რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ ფორმატში;
– საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა ჯგუფებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების წახალისება, ურთიერთგაცვლების გააქტიურებისა და მათი თანამშრომლობის ხელშესაწყობად;
– ძალისხმევის გააქტიურება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით;
– საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, არსებული კონფლიქტის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში და მის ირგვლივ არსებული კონფლიქტის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების თანხმად, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის საფუძველზე, ასევე გაერო-ს, ეუთო-ს და ევროპის საბჭოს რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უსწრაფესად მოგვარების განსაკუთრებული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა;
– იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მათ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის ხაზგასმა;
– საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის მნიშვნელობისა და დელიმიტაციის პროცესის დასრულების დაჩქარების აუცილებლობის დადასტურება;
– ნავთობის, გაზისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სტაბილურად, უწყვეტად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად ოპერირების უზრუნველყოფისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის ხაზგასმა.
b) ეკონომიკა და ვაჭრობა
– ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება საერთო ინტერესების სფეროებში, ორმხრივ და მრავალმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობის გააქტიურების მეშვეობით;
– თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციების, ტურიზმისა და გარემოს დაცვის პრიორიტეტულ სფეროებში;
– ორმხრივი ინვესტიციების გაზრდისა და მათი დაცვის მიზნით, ხელსაყრელი გარემო პირობების შემდგომი უზრუნველყოფა;
– ენერგეტიკის საკითხებზე ორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებს შორის მაღალ დონეზე დიალოგის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში ბიზნეს-წრეების მონაწილეობით, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებით, ენერგეტიკის სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის, გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და მათ კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით;
– ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელება, რომლის მიზანია ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის განვითარება, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის არსებული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისა და მათი ტერიტორიების გავლით გაზის ტრანსპორტირების შემდგომი ხელშეწყობის ჩათვლით, რაც გააძლიერებს ევროკავშირისა და სხვა მომხმარებელი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას და წარმოაჩენს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს, როგორც ბუნებრივი არის სამხრეთის დერეფნის არსებით ხელშემწყობებსა და უზრუნველმყოფთ;
-საქართველოს რეგიონების გაზიფიცირება, 2018 წლისთვის საქართველოში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი ოჯახების მაქსიმალური მაჩვენებლის მიღწევა. ძალისხმევის გაგრძელება საქართველოს კომერციული და სოციალური მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საიმედოობის უზრუნველსაყოფად;
-ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელება ორ ქვეყანას შორის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების (330 კვ და 500 კვ) გამტარუნარიანობის გამოყენების გაზრდისთვის, სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგიის სატრანზიტო დერეფნის აზერბაიჯანიდან საქართველოს ენერგოსისტემის გავლით თურქეთის მიმართულებით ორგანიზების მხარდაჭერის ჩათვლით;
– აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის ფარგლებში, დიდი აბრეშუმის გზის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელება და, ამ კონტექსტში, 2016 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების უზრუნველყოფის კიდევ ერთხელ დადასტურება;
– ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ორი ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებს შორის კონტაქტებისა და თვინინგის პროექტების წახალისება;
– საქართველოსა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს შორის თანამშრომლობისა და მესამე ქვეყნებში ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობების ხელშეწყობა;
– ტურისტული ნაკადებისა და ორი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ერთმანეთის ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობის ჩათვლით;
– თანამშრომლობის გაძლიერება საერთაშირისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტებისა და ფორუმების ფარგლებში;
c) თავდაცვა და უსაფრთხოება
– თავდაცვისა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება როგორ ორმხრივ დონეზე, ასევე “პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის ფარგლებში;
-სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რეგულარული კონსულტაციების დამკვიდრება, მაღალ სამოქალაქო და სამხედრო დონეზე;
-თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმთან, ძალადობრივ ექსტრემიზმთან, სეპარატიზმთან, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო წარმოებასთან, გადაზიდვასთან და კონტრაბანდასთან, იარაღით უკანონო ვაჭრობასთან, ადამიანების ტრეფიკინგთან, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან, ფულის გათეთრებასთან და სხვა ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან საბრძოლველად, შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით.
d) მეცნიერება, განათლება და კულტურა
– მეცნიერების, განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის არსებული და ახალი ფორმების მხარდაჭერა;
– მაღალი დონის და ინოვაციებზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და ურთიერთგაცვლების გაზრდა, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის, მათ შორის, სტუდენტური და სადოქტორო გრანტების და პროგრამების საშუალებით;
– კულტურათა და ცივილიზაციათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, ერთობლივი ინიციატივების მეშვეობით, მათ შორის, კულტურული ცენტრების დაფუძნებით;
– კულტურული თანმშრომლობის მხარდაჭერა და ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და მიღწევების უფრო ფართოდ წარმოჩენა, გამოფენების, კულტურული და სახელოვნებო წარმოდგენების მეშვეობით;
-კონტაქტების გაძლიერება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის, მასმედიის სფეროებში;
– თანამშრომლობისა და ინიციატივების ხელშეწყობა ორი ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებს შორის კავშირების გასაძლიერებლად;
– ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის წახალისებისკენ მიმართული საქმიანობის ხელშეწყობა.
3. თითოეულ კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობის შინაარსი, მოცულობა და დეტალები შეთანხმდება ორი ქვეყნის შესაბამის ორგანოებს შორის. ერთობლივი დეკლარაციის შესრულების კოორდინაცია განხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ.
4. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის წინააღმდეგ და არ ზღუდავს მათ უფლებებსა თუ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს იმ მოქმედი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.
ხელმოწერილია თბილისში, 2015 წლის 5 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე.