გიორგი მარგველაშვილი: უშიშროების საბჭო აღარ არის კონკრეტულ ოპერატიულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უშიშროების საბჭომ შეიძინა ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” აღნიშნა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს კონფერენცია, თემაზე: “დემოკრატიული კონტროლი საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე”.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ უშიშროების საბჭო გახდა ადგილი, სადაც ქვეყნის უშიშროებასთან და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განიხილება არა უბრალოდ პრეზიდენტთან სათათბირო კონტექსტში, არამედ სწორედ უმაღლეს პოლიტიკურ კონტექსტში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობით.
“უშიშროების საბჭო აღარ არის კონკრეტულ ოპერატიულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო მშვიდობიანი თანაცხოვრების მომენტში, მაგრამ, ამავე დროს, მან შეიძინა ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. უშიშროების საბჭო გახდა ის ადგილი, სადაც ქვეყნის უშიშროებასთან და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განიხილება არა უბრალოდ პრეზიდენტთან სათათბირო კონტექსტში, არამედ სწორედ უმაღლეს პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთად მსჯელობენ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ანუ საქართველოს არსებული კონსტიტუციური წყობა აბალანსებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ფუნქციას. სწორედ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ასევე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ერთად ხვდებიან ამ ორგანოში და ერთად გეგმავენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ომს, მშვიდობას, ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყნის ჯარების გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, იმ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებულია არმიასა და შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტია უმაღლესი მთავარსარდალი და მისი ბრძანების გარეშე ვერცერთი ეს ქმედება ვერ განხორციელდება, უშიშროების საბჭოში ხდება ამ საკითხებზე შეთანხმება, მაგრამ მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – საქართველოს კონსტიტუცია აქაც არ ტოვებს უკონტროლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც პრეზიდენტი იღებს და აქაც დაბალანსებულია პროცესი იმით, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნულთან მიმართებაში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სავალდებულოდ უნდა იქნას მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთანავე, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ჩვენ არსებულ კონსტიტუციურ მოდელს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ქართული შეიარაღებული ძალები მოქმედებენ დაბალანსებული და მრავალმხრივ გადამოწმებული ინსტიტუციური ბერკეტების და კონტროლის სიბრტყეში.
“მეტიც, თვითონ ეს ბერკეტები და სიბრტყე ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს საზოგადოების ჩართვა და კონტროლი არმიაში მიმდინარე პროცესებზე”, – განმარტა ქვეყნის პრეზიდენტმა.