„ დასავლეთი ზღვარს გადავიდა. ისინი უხეშად და უპასუხისმგებლოდ იქცევიან“
კარგია, თუ დასავლეთმა გაიხსენა, რომ საერთოდ არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საბჭოს წინაშე ყირიმის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მან რუსეთის უმაღლესი სათათბიროსგან მიიღო უფლება, გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ამ უფლებით არ უსარგებლია. პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმში არ შესულან, ისინი იქ საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ისედაც იმყოფებოდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის მაგალითი კოსოვოს პრეცედენტსაც შეადარა და აღნიშნა, რომ კოსოვოს პრეცედენტი დასავლელმა პარტნიორებმა თვითონ, “საკუთარი ხელით” შექმნეს.
“რატომღაც, ის, რაც ალბანეთში შეუძლიათ კოსოვოელებს, ეკრძალებათ რუსებს, უკრაინელებს და ყირიმელ თათრებს. ჩნდება კითხვა – რატომ?! ევროპისგან და აშშ-სგან ჩვენ გვესმის, რომ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა. მაინც რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა?! მათი აზრით, როგორც ჩანს, იმაში, რომ კოსოვოს კონფლიქტის დროს იყო ძალიან დიდი მსხვერპლი. ეს რა, იურიდული და სამართლებრივი არგუმენტია?! ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს პრიმიტიული და სწორხაზოვანი ცინიზმია. არ შეიძლება ერთი და იგივე საგანს დღეს თეთრი დავუძახოთ, ხვალ – შავი. ყირიმში არ მომხდარა შეიარაღებული დაპირისპირება და მსხვერპლი. რატომ?! პასუხი ერთია – ხალხის ნების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია. მადლობა იმ უკრაინელ სამხედროებსაც, ვინც არ წავიდა სისხლისღვრაზე. ამ დროს ჩვენ გველაპარაკებიან ყირიმში რუსეთის ინტერვენციაზე, აგრესიაზე. რაღაც არ მახსენდება ისეთი ინტერვენცია, რომელიც ერთი გასროლის გარეშე, მსხვერპლის გარეშე დასრულებულიყო. უკრაინის მოვლენები ანარეკლია იმის, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდში ხდება. ჩვენი დასვლელი პარტნიორები, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ამჯობინებენ იხელმძღვანელონ არა საერთაშორისო სამართლის ნორმებით, არამედ ძალის სიმართლით. ისინი დარწმუნებული არიან თავიანთ განსაკუთრებულობაში. თითქოს მათ უფლება აქვთ, მსოფლიოს ბედი გადაწყვიტონ, რომ მართლები ყოველთვის მხოლოდ ისინი არიან. ისინი რომელიმე სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალას, ქმნიან კოალიციებს პრინციპით – ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მოწინააღმდეგეა”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველა ძირითად საკითხზე ყოველთვის ცდილობს დასავლეთთან დიალოგს და მუდმივად სთავაზობს მათ თანამშრომლობას.
“ჩვენ ყოველ ნაბიჯზე გვატყუებდნენ. იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენს ზურგს უკან. ჩვენ დღეს გვემუქრებიან სანქციებით. ჩვენ ისედაც ვცხოვრობთ გარკვეული შეზღუდვებით. ცივი ომიდან მოყოლებული აკრძალვები კიდევ მოქმედებს. მუდმივად ცდილობენ კუთხეში მიგვიმწყვდიონ იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი პოზიცია და ვიცავთ მას. ყველაფერს აქვს საზღვარი. უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი ზღვარს გადავიდა. ისინი იქცეოდნენ უხეშად და უპასუხისმგებლოდ. დღეს აუცილებელია შეწყდეს ისტერიკა და ცივი ომის რიტორიკაზე უარი უნდა ითქვას. უნდა აღიარონ ის, რომ რუსეთს, როგორც სხვა დანარჩენ სახელმწიფოს აქვს ნაციონალური ინტერესები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული და მას პატივი უნდა სცენ”, – განაცხადა პუტინმა.