სანდრო ბრეგაძე ილიას უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვს
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ილიას უნივერსიტეტში მართლმადიდებელთა შეურაცხმყოფელი ნახატის გამოფენისთვის უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვს.
როგორც ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერზე წერს, “ღვთისმშობელი რომელიც თავს იკლავს”, მილიონობით მორწმუნის შეურაცხყოფა და მათი რელიგიური გრძნობების დისკრიმინაციაა.
“აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანია,რომ სასწრაფო წესით გადადგეს ილიას უნივერსიტეტის რექტორი და ყველა ის პირი, რომლებმაც მართლმადიდებელთა შეურაცხმყოფელი ნახატი გამოფინა უნივერსიტეტის კედლებში. “ღვთისმშობელი რომელიც თავს იკლავს”, გახლავთ მილიონობით მორწმუნის შეურაცხყოფა და მათი რელიგიური გრძნობების დისკრიმინაცია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა (ვინც დაუშვა ეს ვანდალიზმი) გახლავთ წმინდა წყლის ექსტრემისტები, რომელთა ძირითადი მოვალეობაა ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რომელიმე უმცირესობის შეურაცხმყოფელი ნახატი რომ გამოეფინა ვინმეს, რა ამბავი ატყდებოდა? ჯვარს აცვამდნენ და სამარცხვინო ბოძზე გააკრავდნენ. ვფიქრობ, აუცილებელია საზოგადოებრივი პროტესტი მებრძოლი ათეისტების და მათი მხარდამჭერი ნეობოლშევიკების მიმართ.
ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სამარცხვინო გამოფენას, გახლავთ გიორგი მაისურაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. ეს მაისურაძე 90 წლების დასაწყისში მუშაობდა პოლიციის და მხედრიონის ინფორმატორად, აჭერინებდა და აწამებინებდა ე.წ. ზვიადისტებს და ათასი სისაძაგლის ჩამდენი მანქურთია”, – წერს სანდრო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითნასწავლმა მხატვარმა ლია უკლებამ ნახატი გამოფინა, რომელზეც მიდგომილი ღვთისმშობელი თავს იკლავს.