ირმა ინაშვილი საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს.
როგორც ინაშვილი აცხადებს, ის, გამარჯვებაში დარწმუნებულია და შედეგების გასაჩივრებას აპირებს.
„ჩვენ ღირსეულად მოვიგეთ ეს არჩევნები და გავაგრძელებთ ერთმანეთთან ურთიერთობას და დასახული გეგმების განხორციელებას. არჩევნებში სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული და ამ ყველაფერს ჩვენ სასამართლოს გზითაც და სამართლებრივი გზითაც გავაპროტესტებთ, მაგრამ არსებობს მესამე გზაც.
12 წლის შემდეგ, მე და ჩემი თანამოაზრეები ისევ ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს და ისევ ვამაგრებთ საპროტესტო კერას. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ასევე, ვგეგმავთ დიდ აქციას, რომელიც პერმანენტული აქციების დასაწყისი იქნება, ეს იქნება 8 ნოემბერს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატები ლიდერობენ. წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ ირმა ინაშვილს არჩევნებში მოუგო.