გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან, დედქალაქის მერთან დავით ნარმანიასა და საკრებულოს დეპუტატ ლია ჯახველაძესთან ერთად თბილისის საჯარო სკოლების 356 მეათეკლასელს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა. დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიასთან ერთად ყოველთვის შეუწყობს ხელს ისეთი პროგრამების განვითარებას, რომლებიც მომავალ თაობას საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად მეტ სტიმულს მისცემს. გიორგი ალიბეგაშვილმა მოსწავლეებს დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივით გამართული კონკურსის ,,თბილისი-2015“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და დეტალურად ისაუბრა იმ ნომინაციაზე, რომელიც სპეციალურად სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ,,წელს პირველად ჩატარდა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი ,,თბილისი 2015“, რომელშიც ერთერთი ნომინაცია გახლდათ წლის საუკეთესო ესე – ,,ჩემი თბილისი’’. თქვენი თანატოლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ კონკურსში. ასე, რომ მომავალ წელს კონკურსში ,,თბილისი- 2016“ მონაწილეობის მისაღებათ და საკუთარი შესაძლებლობების მეტად წარმოსაჩენად სულითა და გულით გეპატიჟებით “,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 1970 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.