ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა პატარძეულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვები ჩაუტარეს
ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე! ამ ლოზუნგით კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვები პატარძეულში მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარეს.
“ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიული ოპერაციები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა უროლოგია, ნეფროლოგია, ჰემატოლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგილოგია, ტოქსიკოლოგია,კრიტიკული მედიცინა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი.
პატარძეულის მოსახლეობას საჭიროებიდან გამომდინარე უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ოფთალმოსკოპიური კვლევები ჩაუტარდათ. ასევე ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები გადასცა“,-აღნიშნულია კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.