ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ბიძინა ივანიშვილს სომხური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო ჯილდო გადასცა

სომხური ეკლესიის აღდგენა-რესტავრაციაში მიღებული განსაკუთრებული წვლილისთვის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ბიძინა ივანიშვილს სომხური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მედალი გადასცა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონია თბილისში დღეს გაიმართა.
ცერემონიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაესწრო.
როგორც ტაძრის გახსნის ცერემონიაზე ივანიშვილმა აღნიშნა, ეკლესიის რესტავრაციაში მანაც მიიღო მონაწილეობა.
„სომხური ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა. ის საოცრად ლამაზია. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძალიან ამაყი ვარ. ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც ორ ერს შორის გრძელდება შეიძლება ითქვას არის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური. ჩვენ ვკამათობთ რომელი კულტურის ძეგლი ვის ეკუთვნის. თუ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, სომხური ეკლესიის რესტავრაცია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ქართუ ჯგუფია. ქართუ ჯგუფი ძეგლების აღდგენას აწარმოებს 2003 წლიდან. სულ აღდგენილია 650 ძეგლი. დახარჯული ჯამური თანხა, ამ პერიოდის განმავლობაში აღემატება 34 მილიონ ლარს. ქართუ ჯგუფის მიერ წელს ხორციელდება 61 ძეგლის აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები