შს მინისტრის მოადგილე იარაღის ბილეთების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის უსაფრთხო მოხმარების და მფლობელთა ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების მიზნით სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველებისთვის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდა დაინერგა.
გამოცდების მიმდინარეობის, პროცედურებისა და საგამოცდო ბილეთებში წარმოდგენილი საკითხების შესახებ სააგენტოს რუსთავის სამმართველოს უფროსმა – იმედა მაკასარაშვილმა ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენისას გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს.
იარაღის შეძენის მსურველებს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეეძლებათ. მსურველებმა გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ ცნობა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.