წყალტუბოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოში დასკვნითი სარეაბილიტაციო სამოუშაოები დაათვალიერეს.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, უკვე სრულდება ცენტრალურ პარკში, ცივ ტბასა და ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები.
“ცენტრალურ პარკში და ცივ ტბაზე გზების, სავალი ბილიკებისა და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო აღნიშნული ტერიტორიების გამწვანების, კეთილმოწყობისა და სარწყავი სისტემის მონტაჟისთვის – 3 161 900 ლარი. ცენტრალური მოედნის თანამედროვე სტანდარდებით მოწყობაზე და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზე კი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა”, – აცხადებენ მხარის რწმუნებულის აპარატში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კურორტი წყალტუბო განვითარების მეორე ეტაპზე გადავა, რაც ინვესტიციების მოზიდვას გულისხმოს.
“საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და უკვე კონკრეტული წინადადებებიც არსებობს უცხოელი ინვესტორებისგან”, – აცხადებენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.