საქართველოს ეუთოში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან
საქართველოს, 1-4 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთოში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის ეს ვიზიტი საქართველოში, 2008 წლის ივლისის შემდეგ, პირველია.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან გამართავს.
ამავე ინფორმაციით, ასევე, იგეგმება შეხვედრები სახალხო დამცველთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
“ვიზიტისას მუდმივ წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უსაფრთხოების კუთხით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების მდგომარეობას. ასევე, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთთან და დაათვალიერებენ წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებას”, – განმარტავენ საგარეო უწყებაში.