საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ტარდება
საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი. მაჟორიტარობისთვის საგარეჯოში “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნებიდან” თამარ ხიდაშელი, ასევე, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები – ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია იბრძვიან. მარტვილის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული, კერძოდ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოსო დანელია.
გარდა პარლამენტის შუალედური არჩევნებისა, დღევე დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 07:00 საათიდან მუშაობს როგორც კომისიის კონტაქტ-ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ-ჩატი და ონლაინ ოპერატორი.