თავდაცვის სამინისტრო საქართველოში წარმოებულ ხორცზე ტენდერს აცხადებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღეიდან საქართველოში წარმოებულ ხორცზე აცხადებს ტენდერს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზაფხულში გაცემული დაპირების თანახმად, წლის ბოლომდე მოხდება ქართული ჯარის საქართველოში წარმოებული საკვებით მომარაგება.
“დღეს მინდა გესაუბროთ თავდაცვის ინიციატივის შესახებ. ჩვენ ივლისში დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით გადავიყვანდით სრულად ქართულ კვებაზე და დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მხოლოდ მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად, ინდოეთი იყო მომწოდებელი. ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში ამოცანა არის ძალიან მარტივი.
მიმაჩნია, რომ ეს, ერთი მხრივ, ქართული ბიზნესის დახმარებაა. დავეხმარებით მეწარმეებს და ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს. ამით ხელს შევუწყობთ ქართულ წარმოებას. ყველას მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტიურობა გამოიჩინონ. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა, ამავე წლიდან ის საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს. თანდათანობით წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზე, რომელიც იწარმოება საქართველოში ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის. ხაზგასმით ვამბობ, რომ საუბარია საქართველოში ნაწარმოებ ხორცზე. არა ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი, არამედ საქართველოში წარმოებულ ხორცზე. ამიტომ გთხოვთ, ვისაც გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.